ფსორიაზი (Psoriasis)
რა არის ფსორიაზი?
ფსორიაზი - ეს არის ქრონიკული, ანთებითი ხასიათის დაავადება, რომლის დროსაც ზიანდება კანი, ფრჩხილები და სახსრები.
რა იწვევს ფსორიაზს?
დაავადების ეტიოლოგია უცნობია. ერთ- ერთი თეორიის მიხედვით, დაავადების პათოგენეზური მექანიზმი იმუნოლოგიურია. პათოგენეზში დიდ როლს ასრულებს გენეტიკური და გარემო ფაქტორები. ხელშემწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება: ფიზიკური და ფსიქიკური ტრავმა, ინფექციები (სტრეპტოკოკული ინფექცია, კანდიდოზი, ჰეპატიტები და სხვა), მედიკამენტები (ბეტა-ბლოკერები, ლითიუმის პრეპარატები, სისტემური კორტიკოსტეროიდები, ანტიბიოტიკები და სხვა ), სისტემური დაავადებები.
როგორ გამოვლინდება ფსორიაზი?
არსებობს ფსორიაზის რამდენიმე ფორმა:
ბალთოვანი ფსორიაზი, რომელიც წარმოადგენს ფსორიაზის ყველაზე გავრცელებულ ფორმას, გამოვლინდება წითელი, მკვეთრად შემოსაზღვრული, მომრგვალო ან ოვალური ფორმის, ინფილტრირებული, მოვერცხლისფრო- თეთრი ფერის ქერცლით დაფარული ბალთებით, რომლებიც ხშირად ლოკალიზებულია იდაყვების, მუხლების, გავა- წელისა და თავის თმიან არეში. ქერცლები მოფხეკისას ძნელად სცილდება კანის ზედაპირს. ხშირია ფრჩხილების დაზიანება, გამოხატული დისტროფიული ცვლილებებით.
წვეთოვანი ფსორიაზი, რომელიც ხშირად ასოცირებულია ინფექციურ და ვირუსულ დაავადებებთან, ასევე სისტემური სტეროიდების გამოყენებასთან. ახასიათებს გამონაყარის უცებ, ბიძგისებურად გაჩენა, რომელიც გამოვლინდება მონომორფული, 2-5 მმ. დიამეტრის მქონე ფსორიაზული პაპულების სახით.
ლოკალიზებული პუსტულარული ფსორიაზი (ხელისა და ფეხის გულების პუსტულოზი), ფსორიაზის ეს ფორმა აღწერილია ძირითადად თამბაქოს მწეველებში. გამონაყარი გამოვლინდება ხელისა და ფეხის გულებზე, ერითემატოზულ ფონზე დალაგებული სტერილური პუსტულების სახით, რომელთა მთლიანობის დარღვევის შემდეგ წარმოიქმნება ქერცლი.
გენერალიზებული პუსტულარული ფსორიაზი, რომელსაც ხშირად თან სდევს სისუსტე. პუსტულების გასკდომის შემდეგ ხდება კანის დესქვამაცია და ახალი პუსტულების წარმოქმნა. ხშირია სტეროიდების გამოყენებასას.
ნაოჭების ფსორიაზი, ეს არის ფსორიაზის იშვიათი ფორმა, რომლის დროს გამონაყარი გავრცელებულია საზარდულის, იღლიებისა და მკერდის ქვეშა ნაოჭებში. გამონაყარი წარმოდგენილია ბრტყელი, წითელი ელფერის, მკვეთრად შემოსაზღვრული ლაქების სახით, რომელთაც აქვთ მაცერირებული ზედაპირი, რის გამოც ხშირია გამონაყარის მეორადი ინფიცირება.
ფსორიაზული ერითროდერმია, რომელიც ხასიათდება გამონაყარის გენერალიზებით, რომელსაც ახასიათებს კანის ტკივილი, ხშირად გამოწვეულია სისტემური სტეროიდების გამოყენებით.
ფსორიაზული ართრიტი ვითრდება ფსორიაზით დაავადებულთა 10%-ში. ხშირია სიმეტრიული პოლიართრიტი და სახსრების დეფორმაცია.
ფრჩხილების ფსორიაზული დაზიანება გამოვლინდება დისტროფიული ცვლილებებით: ფრჩხილქვეშა ჰიპერკერატოზი, ონიქოლიზისი, სიგრძივი დაზოლვა და წერტილოვანი ჩანაჭდევები ”სათითის სიმპტომი”.
ფსორიაზის სადიაგნოსტიკო არაინსტრუმენტულ მეთოდს წარმოადგენს ფსორიაზული ტრიადის განსაზღვრა:
ქერცლის მოფხეკისას აქერცვლა ძლიერდება.
ქერცლის სრულად მოშორების შემდეგ ჩნდება აპკი.
აპკის მოშორების შემდეგ გამოჟონავს სისხლის წვეთი.
არის თუ არა გადამდები ფსორიაზი?
ფსორიაზი არ არის გადამდები დაავადება.
განკურნებადია თუ არა ფსორიაზი?
დაავადებას აქვს ქრონიკული ხასიათი, თუმცა ადექვატური მკურნალობის პერიოდში მიიღწევა ხანგრძლივი რემისია და მნიშვნელოვნად უმჯობესდება ცხოვრების ხარისხი.
როგორია მკურნალობის მეთოდები?
ფსორიაზის მკურნალობაში გამოიყენება 3 მიმართულება: სისტემური, ადგილობრივი თერაპია, სხივური თერაპია .
• სისტემური მკურნალობა ხდება ციტოსტატიკებით და ბიოლოგიური აგენტებით. ქავილის შემთხვევაში ანტიჰისტამინები.
• ადგილობრივად სამკურნალოდ გამოიყენება ტოპიკური სტეროიდები, კანის დამატენიანებელი საშუალებები, კუპრის შემცველი პრეპარატები, სპეციალური დასაბანი გელები, კალციპოტრიოლის და კალციპოტრიენის პრეპარატები.
• სხივური თერაპია (ფოტოთერაპია) ხდება ულტრაიისფერი B სხივებით ტოპიკურ თერაპიასთან ერთად და ასევე ულტრაიისფერი A სხივები ფსორალენთან კომბინაციაში.