მარტივი ჰერპესი (Herpes simplex)

რა არის მარტივი ჰერპესი?

მარტივი ჰერპესი - ეს არის კანისა და ლორწოვანი გარსების ვირუსული ინფექცია.

რა იწვევს დაავადებას?

მარტივი ჰერპესის გამომწვევია მარტივი ჰერპესის ვირუსი (HSV 1,2). დაავადებას აქვს 2 ფაზა: პირველადი, რომლის მიმდინარეობა უფრო მწვავეა და მეორადი, რომელიც ხასიათდება განმეორებითი ეპიზოდებით. HSV 1-იწვევს ჰერპესულ გინგივოსტომატიტს და ლაბიალურ ჰერპესს, ხოლო HSV 2-კი გენიტალურ ჰერპესს. დაავადების ხელშემწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება: მზის ჭარბი ინსოლაცია, იმუნოსუპრესია, ფიზიკური და ფსიქოლოგიური სტრესი და სხვა.

როგორ გამოვლინდება დაავადება?

• დაავადებას პროდრომალურ პერიოდში ახასიათებს დისკომფორტი, მცირე ინტენსივობის ტკივილი და ქავილი.
• ახასიათებს ჯგუფად დალაგებული ბუშტუკები ჰიპერემიულ ფონზე.
• ბუშტუკების მთლიანობის დარღვევის შემდეგ ჩნდება მოყვითალო ქერქები.
• მწვავე გინგივოსტომატიტს ახასიათებს ვრცელი ეროზიები პირის ღრუში, სხეულის მაღალი ტემპერატურა და ტკივილი, პაციენტს უჭირს საკვების ღეჭვა და ყლაპვა.
• გენიტალური ჰერპესი ვითარდება სქესობრივი კონტაქტიდან 4-7 დღის შემდეგ. ახასიათებს დიზურიული მოვლენები და მწვავე საკრალური ნევრალგია.
• ჰერპესულ კერატიტს ახასიათებს ტკივილი, ცრემლდენა, ფოტოფობია და რქოვანას წყლული.
• ნეონატალური ჰერპესი ახალშობილს გადაეცემა მშობიარობის მომენტში ვაგინალური სეკრეტით. დაავადება გამოვლინდება სიცოცხლის პირველი 1-4 კვირის მანძილზე. ხშირია პროცესში ცნს-ის ჩართვა.

არის თუ არა გადამდები დაავადება?

მარტივი ჰერპესი გადამდები დაავადებაა. ვრცელდება დაზიანებული კანის კანთან კონტაქტით.

განკურნებადია თუ არა დაავადება?

დაავადებას აქვს ქრონიკული ხასიათი, თუმცა დროული და ზუსტი მკურნალობა იძლევა ხანგრძლივ რემისიას.

როგორია მკურნალობის მეთოდები?

    • ანტივირუსული მკურნალობა.
    • ადგილობრივი საშუალებები.
    • იმუნოთერაპია.


მარტივი ჰერპესი მარტივი ჰერპესი მარტივი ჰერპესი