ატოპიური დერმატიტი (Dermatitis atopica)
რა არის ატოპიური დერმატიტი?
ატოპიური დერმატიტი - ეს არის ალერგიული ბუნების დერმატოზი, რომელსაც ახასიათებს გამწვავებებისა და რემისიის პერიოდების მონაცვლეობა.
რა იწვევს დაავადებას?
ატოპიური დერმატიტის განვითარებაში დიდ როლს თამაშობს ატოპიის გენეტიკური ფაქტორი (ასთმა, რინოკონიუნქტივიტი, ალერგიული დერმატიტი და სხვა). დაავადების პათოგენეზში მნიშვნელოვანია ლანგერჰანსის უჯრედების სტიმულაცია, იმუნოგლობულინების რაოდენობის მომატება, კანის მექანიკური ბარიერის დარღვევა, ეპიდერმალური ლიპიდების დეფიციტი, ნერვული ფაქტორი, კანის სიმშრალე, სხვადასხვა ალერგენების არსებობა და სხვა.
როგორ გამოვლინდება დაავადება?
ატოპიური დერმატიტის მიმდინარეობაში გამოყოფენ 3 ფაზას:
• ინფანტილური (2 თვის ასაკიდან 2 წლამდე).
• ბავშვთა ასაკი (2-დან 12 წლამდე).
• მოზრდილთა (12 წლის და მეტის).
დაავადების კლინიკური გამოვლინება დამოკიდებულია ზემოთ აღნიშნულ ფაზებზე.
• დაავადებას ახასიათებს კანზე ერითემა, აქერცვლა და პაპულები, შესაძლებელია ბუშტუკების არსებობა.
• გამონაყარის ლოკალიზაციები იცვლება ასაკთან მიმართებაში (უფრო ხშირია იდაყვების გამშლელ ზედაპირებზე და მუხლქვეშა ფოსოებში).
• ახასიათებს ძლიერი ქავილი და კანის ლიქენიფიკაცია.
• აქერცვლა ქუთუთოების და ტუჩების არეში.
• ჰიპო- ან ჰიპერპიგმენტაცია ანთების კერის ადგილზე.
• ხშირია გამონაყრის მეორადი ინფიცირება.
არის თუ არა გადამდები დაავადება?
ატოპიური დერმატიტი არ არის გადამდები დაავადება.
განკურნებადია თუ არა დაავადება?
ხშირ შემთხვევაში განკურნებადია, თუმცა შესაძლოა გამოვლინდეს მოზრდილთა ასაკში ნეიროდერმიტის სახით.
როგორია მკურნალობის მეთოდები?
• კანის მექანიკური და ლიპიდური ბარიერის აღდგენა.
• კანის დამატენიანებელი საშუალებების ინტენსიური გამოყენება.
• ანტიჰისტამინური პრეპარატებისა და ადგილობრივად სტეროიდული საშუალებების გამოყენება.
• გამაღიზიანებელი ფაქტორების თავიდან აცილება.
• მეორადი ინფექციის პრევენცია.
• მძიმე შემთხვევებში სხივური თერაპია.