ბაზალურ უჯრედოვანი კარცინომა
Basl cell carcinoma
რა არის ბაზალურ უჯრედოვანი კარცინომა?
ბაზალურ უჯრედოვანი კარცინომა – ეს არის კანის ავთვისებიანი სიმსივნე, განვითარებული ეპიდერმისის ბაზალური შრის კერატინოციტებისგან. ის მიეკუთვნება კანის ავთვისებიანი სიმსივნეების ყველაზე გავრცელებულ ტიპს.
რა იწვევს დაავადებას?
დაავადების გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა დაავადების განვითარების დიდ რისკ– ფაქტორს წარმოადგენს მზის სხივების ჭარბი ინსოლაცია.
როგორ გამოვლინდება დაავადება?
• კლინიკური გამოვლინებების მიხედვით, განასხვავებენ დაავადების რამდენიმე ფორმას: ნოდულარული, პიგმენტური, ზედაპირული, მიკრონოდულარული, მორფეაფორმული.
• დაავადების თითოეული ტიპი განსხვავდება ერთმანეთისაგან კლინიკური ნიშნების, ჰისტოლოგიური მაჩვენებლებისა და აგრესიულობის მიხედვით.
• დაავადება ტიპიურად გამოვლინდება მოვარდისფრო ან მოთეთრო ფერის მარგალიტის მსგავსი პაპულის სახით, რომელსაც აქვს ბრტყელი ზედაპირი გამოხატული ტელეანგიექტაზიებით.
• დროთა განმავლობაში პაპულა იზრდება ზომაში, ცენტრალური ნაწილი განიცდის ჩაღრმავებას და პერიფერია წამოწეულია კანის ზედაპირიდან.
• შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ცენტრალური ნაწილის დაწყლულებას და სისხლდენას.
• დაავადების პიგმენტური ფორმის დროს ელემენტს აქვს მოყავისფრო, შავი ან მოლურჯო შეფერილობა.
• ზედაპირული ტიპი გამოვლინდება მოწითალო ელფერის, ბრტყელი, აქერცლილი კერის სახით და ნაკლებად ინვაზიურია.
• მორფეაფორმულ ვარიანტს აქვს მოყვითალო შეფერილობა და მკვრივი კონსისტენცია, წააგავს სკლეროდერმიის შემოფარგლულ ფორმას.
• დაავადებისათვის დამახასიათებელი ლოკალიზაციაა სახე, თავის თმიანი არე, ყურები. იშვიათად ტანსაცმლით დაფარული ადგილები.
გადამდებია თუ არა დაავადება?
დაავადება გადამდები არ არის.
განკურნებადია თუ არა დაავადება?
დაავადება განკურნებადია.
როგორ ხდება დიაგნოსტიკა?
ბაზალურ უჯრედოვანი კარცინომის დიაგნოსტიკა თანამედროვე მედიცინაში ხდება ციფრული დერმატოსკოპის გამოყენებით. საეჭვო დასკვნის შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს ბიოფსიური მასალის გამოკვლევა.
როგორ ხდება დაავაადების მკურნალობა?
• მკურნალობის მეთოდი განისაზღვრება დაავადების ფორმის და სტადიის მიხედვით.
• კრიოთერაპია.
• კიურეტაჟი.
• ქირურგიული ექსციზია.
• რადიაციული თერაპია.
• ქიმიოთერაპია და იმუნოთერაპია.
• ფოტოდინამიური თერაპია.